„ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიან „მაიკებში“ არიან ბიჭები. ძამბოლატ თედეევი თუ გაინტერესებთ ვინ არის - არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი. რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? ძამბოლატ თედეევი იყო ზუსტად, ტატუნაშვილის გადმოსვენებაში რომ დაგვეხმარა“ ,- განაცხადა გეგა გეგეშიძემ „რუსთავი 2“-თან.
2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც დაღესტანში გაიმართა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და ყოფილმა მოჭიდავემ, მამუკა არევაძემ რუსეთის დროშისფერებიანი მაისური ჩაიცვეს, რომლეზეც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ძამბოლატ თედეევია გამოსახული. ფოტო სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა.
გენო პეტრიაშვილის განმარტებით, ფოტო ძამბოლატ თედეევის თხოვნით გადაიღეს და მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
„ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ძამბოლატ თედეევი 1968 წელს ცხინვალში დაიბადა. ის თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001-2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2012 წელს ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა 2016 წელს კვლავ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.