მთავარი მოვლენა ჩემპიონი საფრანგეთის პირველ ადგილზე გადასვლაა. დიდიე დეშანის ტრიუმფატორი გუნდი 6 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში გალიდერდა.
ბრაზილიამ და ბელგიამ მეორე-მესამე ადგილები გაცვალეს, მათ შემდეგ კი მუნდიალის ფინალისტი ხორვატიაა, რომელმაც 16 პოზიციით წინსვლა შეძლო. მეხუთე და მეექვსე ადგილებზე ურუგვაი და ინგლისი იმყოფებიან, რომლებმაც შესაბამისად, 9 და 6 ადგილით მოახერხეს აღმასვლა.
უდიდესი ვარდნა განიცადა რუსეთში სამარცხვინოდ მოასპარეზე გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ერთბაშად 14 საფეხური დათმო და მე-15 ადგილზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი უკუსვლა ასევე განიცადეს არგენტინამ და პოლონეთმა: „ალბისელესტე“ 6 ნაბიჯით უკან მე-11 ადგილზეა, ლევანდოვსკი და კომპანია კი მინუს 10 საფეხურით მე-18-ზე.
სხვა მხრივ აღსანიშნავია, რუსეთისა და შვედეთის წინ გაკეთებული ნახტომი - სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ერთბაშად 21 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 49-ეა, სკანდინავიელები კი 11 პოზიციით მაღლა მე-13 ადგილზე აღმოჩნდნენ.
ყველაზე დიდი ვარდნა ეგვიპტის ეროვნულმა გუნდმა განიცადა - „ფარაონებმა“ 20 საფეხურით უკან, 65-ე პოზიციაზე ამოყვეს თავი.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვლადიმირ ვაისის გუნდის პოზიცია უცვლელია - „ჯვაროსნები“ კვლავ 96-ე ადგილზე იმყოფებიან.
FIFA / Coca-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
- საფრანგეთი - 1726
- ბელგია - 1723
- ბრაზილია - 1657
- ხორვატია - 1643
- ურუგვაი - 1627
- ინგლისი - 1615
- პორტუგალია - 1599
- შვეიცარია - 1597
- ესპანეთი - 1580
- დანია - 1580