weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველ მუსლიმთა კავშირი ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

21:51 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და UEFA-ს თანასწორობის ჯილდოს მიღებას ულოცავს. კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, გურამ კაშიას დაცვა თავისუფლებისა და ღირსების საკითხია.

„გურამ კაშიას ვულოცავთ უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღებას და ვუსურვებთ წინსვლას თავის პროფესიულ საქმიანობაში. ვფიქრობ, დღეს გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ეს ამავე დროს ნიშნავს ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიისა და მუქარის ობიექტია. შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარების გამო Facebook-ში მან პირადი გვერდი გააუქმა და Instagram-ზე წვდომა შეზღუდა. გუშინ კაშიამ Instagram-ის საშუალებით განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და ვიდრე საქართველოში ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამ განცხადების შემდეგ ე.წ. ქართული მარშის წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ სოციალური ქსელის პირად გვერდზე მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნდა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გურამ კაშიას მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში კამპანიას, ჰეშთეგით #გურამშენთანვართ, უერთდებიან. ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი ლორიამ, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი მერებაშვილმა.

კაშიამ 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილის აგრესია მოჰყვა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯისთვის მას UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ UEFA-მ ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების. სადაც არ უნდა ვითამაშო, ამ უფლებებს ყოველთვის დავიცავ“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]