weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბასილაშვილი ნადალთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

10:01 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდასთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, დრამატულ ბრძოლაში 3:6, 3:6, 7:6, 6:4 დამარცხდა. კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ შეხვედრაში ბასილაშვილმა შეტევითი ჩოგბურთი ითამაშა, ბევრი გათამაშება მოიგო და საყოველთაო ქება დაიმსახურა.

ქართველ ჩოგბურთელს რაფა ნადალთან 56 აქტიური თამაშით მოგებული ქულა ანუ ე.წ. ვინერი ჰქონდა, ძლიერ მეტოქეს კი - 30, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ცუდი ისაა, რომ ბასილაშვილმა უნებლიე შეცდომებით წააგო: ბასილაშვილს 59 ჰქონდა, ხოლო ნადალს - 19.

ნადალმა შეხევდრა პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე მოიგო და გადამწყვეტ მომენტებში უფრო კონცეტრირებული იყო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ სეტში ბასილაშვილმა თამაში აქტიურად დაიწყო და თავის ჩაწოდებებს იგებდა. ჩოგბურთელები 3:3-ზე ავიდნენ. 4:3-ზე კი ბასილაშვილმს ორი შეცდომა დაუშვა, რაც ნადალმა არ აპატია და ბრეიკი შეასრულა. ნადალს არანაირი სათამაშო უპირატესობა არ ჰქონდა, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში ქართველმა ცუდად ითამაშა.

მეორე სეტის სტარტზე ნადალმა ბრეიკი შეასრულა. 3:1-ზე ნადალის ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა შეხვედრაში პირველად ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, თუმცა ვერ გამოიყენა. შემდეგ ესპანელმა მეორე ბრეიკიც დაამატა და პირველი სეტის მსგავსად 6:3 მოიგო.

მესამე პარტიაში ნადალი 1:0-ს იგებდა, ბასილაშვილის ჩაწოდებაზე კი 0:40 იყო და თითქოს ყველაფერი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამ გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, 1:1-ზე ბრეიკი თვითონ შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ნადალი 3:1-ს იგებდა, ბასილაშვილმა მოახერხა და 3:3 გახადა, შემდეგ 6:5 დაწინაურდა და სეტ-პოინტი მოიპოვა, ნადალმა 6:6 გახადა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა ჩოგბურთელმა 8:6 იმარჯვა და ნადალს ისტორიული სეტი მოუგო.

მეოთხე სეტში ქართველ ჩოგბურთელს დაღლილობა დაეტყო, აშკარა იყო, რომ ფიზიკურად ვეღარ უძლებდა. ნადალმა სეტი ბრეიკით დაიწყო, ბასილაშვილი ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა და ყველასგან მოულოდნელად ანგარიში გაათანაბრა (3:3), მაგრამ წინ გასვლა ვეღარ მოახერხა და თავის ჩაწოდება დაკარგა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 266 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიო რეიტინგში ქართველი კიდევ უფრო დაწინაურდა და მისთვის რეკორდულ 31-ე ადგილზე გადავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]