ესპანური „სასკი ბასკონიას“ ამერიკელი მსროლელი 3 დღეა საქართველოშია და ის მოქალაქეობის მიღებას ელოდებოდა. მეტ ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა „ფინიქს სანზმა“ მას კონტრაქტი გაუფორმა. ჯენინგმა არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში ის გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადავიდა. მან იტალიურ „მონფერატესა“ და „მონტეპასკიში“ ითამაშა, შემდეგ იყო „ციბონა”, თურქული „ეფესი”, იერუსალიმის „ჰაპოელი” და რუსული „ლოკომოტივ-ყუბანი”.2017 წლიდან ის ბასკონიაშია. 6 ივლისს მან ბასკურ კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ნაკრები „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი FIBA-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 13 სექტემბერს ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.
საბერძნეთთან საშინაო შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია ➡ tkt.ge/basketball