„ელ კლასიკომდე“ რამდენიმე დღით ადრე ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ჩასატარებელი მატჩები აქვთ: მადრიდული „სამეფო კლუბი“ 23 ოქტომბერს ჩეხურ „ვიქტორია პლზენს“ უმასპინძლებს, „ბარსელონა“ კი 24 ოქტომბერს, მილანში „ინტერს“ შეხვდება.
აღნიშნული „ელ კლასიკო“ დიდ ინტერესს იმის გამოც იწვევს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის განმავლობაში, როდესაც მადრიდის „რეალი“ კრისტიანო რონალდოს გარეშე ითამაშებს. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უკვე ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებაა, „რეალი“ გამარჯვებას ვერ ახერხებს: უკანასკნელი „ელ კლასიკო“ მადრიდელებმა 2016 წლის 2 აპრილს მოიგეს, მას შემდეგ გამართული ოთხი მატჩიდან კი ორი ფრედ დასრულდა, ორი - „ბარსას“ გამარჯვებით.
რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ყველა დროის სტატისტიკას, აქამდე გამართული 237 ოფიციალური „ელ კლასიკოდან“ მადრიდის „რეალს“ 95 აქვს მოგებული, „ბარსელონას - 92, ხოლო 50 შეხვედრა ყაიმითაა დასრულებული. ბურთების შეფარდება რეალის სასარგებლოდაა - 400:386. „ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახლავთ 26 გატანილი გოლით, მის შემდეგ კი ალფრედო დი სტეფანო და კრისტიანო რონალდო მოდიან 18-18 გატანილი გოლით.