„თუ წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ - პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, არავის ეპატიება პირადისა და საერთოს ერთმანეთში არევა და მსოფლიოს ქართველმა არა შუღლი და გაუცხოება, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა უნდა დანაახოს. კახა კალაძემ გულშემატკივრებს ასევე მოუწოდა, საქართველოს ნაკრების მაისურები ჩაიცვან და ტრიბუნებზე ქართული დროშები აფრიალონ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მეორე შეხვედრას ლატვიის ნაკრებთან გამართავს.