weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შსს საქართველო-ლატვიის მატჩზე დასწრების მსურველებს აფრთხილებს

12:22 კვირა, 09 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მატჩზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვან.

„გავრცელებული ინფორმაციით, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყონ მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება, - ნათქვამია განცხადებაში.

UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-ლატვიის მატჩზე „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.

გასულ წელს გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა. კაპიტნის საგანგებო სამკლაური კაშიას მსგავსად ყველა ჰოლანდიური კლუბის კაპიტანს ეკეთა. კაშია თავისი გადაწყვეტილების გამო ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების აგრესიის ობიექტი გახდა. ინტერნეტ -აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში UEFA-მ ქართველი ფეხბურთელისთვის თანასწორობის ჯილდოს (Equal Game) გადაცემა გადაწვიტა.

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ კაშიამ ლგბტ თემისა და თანასწორობის იდეის მიმართ მხარდაჭერა მტკიცედ დააფიქსირა და საქართველოში ამ უმცირესობის ჯგუფისადმი დამოკიდებულების შეცვლას ხელი შეუწყო.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში მაღალია ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]