საქართველსო ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია დააკლდა. „გენტის“ ფორვარდმა უკანასკნელ ვარჯიშზე კოჭი იტკინა და ბელგიაში გადაფრინდა. სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და სასიხარულოა, რომ ყაზახეთთან მატჩისგან განსხვავებით, „დინამო არენას“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე თამაშს „ემპოლის „თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც მოახერხებს, რომელმაც ბოლოს საქართველოში 2015 წლის სექტემბერში ითამაშა. ამრიგად, წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში ქვილითაიას მჭედლიძე შეცვლის, ხოლო გიორგი მერებაშვილს - თორნიკე ოქრიაშვილი.
საქართველოს ნაკრები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან ჯგუფის მთავარ კონკურენტს სტუმრად მოუგო და ახლა საკუთარ კედლებში ყაზახეთზე შედარებით სუსტი ლატვიის დამარცხება მოუწევს. რაც შეეხება მეტოქეს, თუ მათ დღევანდელ მატჩში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ჩავთვალოთ, რომ მათთვის ერთა ლიგის გათამაშება თითქმის დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ლატვიამ პირველ ტურში შინ ანდორასთან უგოლო ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
ურთიერთშეხვედრები
„ჯვაროსნების“ ბალტიისპირელებთან დაპირისპირებაში თანაფარდობაა. რვა მატჩიდან გუნდებმა სამ-სამი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება საქართველოს სასარგებლოდაა 14:10. სხვათა შორის, საქართველოს ლატვია ოფიციალურ შეხვედრაში აქამდე არასოდეს დაუმარცხებია.
დღევანდელ მატჩს ბერძენი რეფერი ანასტასიოს პაპაპეტრუ განსჯის.