A ჯგუფში, სადაც მუნდიალის ორი საგზურისთვის სამი გუნდი - საფრანგეთი ჰოლანდია და შვედეთი იბრძვის, შვედეთმა პირველადგილოსანი საფრანგეთი დაამარცხა და ლიდერობა ჩამოართვა. ქალაქ სოლნას „ფრენდს არენაზე“ ანგარიში „არსენალის“ ცენტრფორვარდმა ოლივიე ჟირუმ 37-ე წუთზე ულამაზესი ცაცია დარტყმით გახსნა, წარმოშობით ასირიელმა შვედმა ჯიმი დურმაზმა კი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. გამარჯვების გოლი „მამლებს“ მატჩის კომპენსირებულ წუთებზე ოლა ტოივონენმა მეკარე უგო ლორისის შეცდომის შემდეგ ცენტრიდან გაუტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა გაუფორმა. ამავე ჯგუფში იოლი გამარჯვება მოიპოვა ახალი მწვრთნელის თავკაცობით ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელმაც მეზობელი ლუქსემბურგი არ დაინდო და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში თავი გუნდის ვეტერანებმა, არიენ რობენმა და უესლი სნეიდერმა გამოიჩინეს, მეორეში კი - ჯორჯინიო ვაინალდუმმა, ქვინსი პრომესმა და ვინსენტ იანსენმა (პენალტით). საკუთარ მოედანზე იმარჯვა ბელარუსის ეროვნულმა გუნდმაც - ბორისოვოში მასპინძლებმა ბულგარელები დაამარცხეს.
თითქმის არაფერი შეცვლილა B ჯგუფში, სადაც ლიდერებმა, შვეიცარიამ და პორტუგალიამ თავიანთი შეხვედრები მოიგეს. ფარერებზე ლიდერი „ნეიტრალების“ რიგებიდან თითო ტაიმში თითო გოლი კოსოვოელმა ალბანელებმა, გრანიტ ჯაკამ და ჯერდან შაჩირიმ გაიტანეს და შვეიცარიის ნაკრებს ექვს ტურში ექვსი გამარჯვება გაუფორმეს. მეორეადგილოსანი პორტუგალია ასევე სტუმრად გაუსწორდა ლატვიელებს. ევროპის ჩემპიონი გუნდიდან კაპიტანმა კრისტიანო რონალდომ დუბლი თავით შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში თავისი რეკორდული გოლების მაჩვენებელი 73-მდე გაზარდა. ამავე ჯგუფში აღსანიშნავია ჯუჯა სახელმწიფო ანდორას ნაკრების უნგრელებთან საშინაო გამარჯვება, რამაც რუსეთში თამაშზე მეოცნებე მადიარები პრაქტიკულად გამოთიშა საგზურისთვის ბრძოლას.
H ჯგუფის პრინციპული შეხვედრა ბოსნიის ქალაქ ზენიცაში გაიმართა, სადაც მასპინძლები ბერძნებთან უგოლოდ გაიყარნენ და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კვლავ დიდი ინტრიგა დატოვეს. პირველადგილოსანმა ბელგიამ კი მორიგი შეხვედრა მოიგო, ამჯერად სტუმრად ესტონეთში და ლიდერობა გაიმყარა.
მატჩების ანგარიშები:
A ჯგუფი:
ბელარუსი 2:1 ბულგარეთი
ჰოლანდია 5:0 ლუქსემბურგი
შვედეთი 2:1 საფრანგეთი
B ჯგუფი
ანდორა 1:0 უნგრეთი
ლატვია 0:3 პორტუგალია
ფარერის კუნძულები 0:2 შვეიცარია
H ჯგუფი
ბოსნია & ჰერცეგოვინა 0:0 საბერძნეთი
ესტონეთი 0:2 ბელგია
გიბრალტარი 1:2 კვიპროსი