მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში გამართული პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში მოიგო, გერმანიამ ესტონეთი გაანადგურა, საბერძნეთმა კი სერბეთს სძლია. შედეგად, საბერძნეთსა და გერმანიას 7-7 მოგება მოუგროვდათ და ცხადი გახდა, რომ ამ გუნდებს ფინალურ ეტაპის მიღმა დარჩენა აღარ ემუქრებოდათ, მთავარი ბრძოლა კი მე-3 გამსვლელი პოზიციისთვის წარიმართებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ესტონეთი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, აღნიშნულ ადგილზე პრეტენზიას 3 გუნდი აცხადებდა: 4 მოგების მქონე სერბეთი და 3-3 გამარჯვების მომხვეჭი საქართველო და ისრაელი.
ქართველმა კალათბურთელებმა ძალიან ენერგიულად დაიწყეს და თორნიკე შენგელიას აქტურობით პირველ ტაიმში ლიდერობა აღარ დაუთმიათ. საწყისი მეოთხედი საერთოდაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ფავორიტად მიჩნეულ ბერძნებს ფარქვეშ იოლად ვჯაბნიდით. ათწუთეულის მიწურულისკენ ნერვებმა ბერძენთა დამრიგებელსაც უმტყუნა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მაქსიმალური სხვაობაც დაფიქსირდა - 37:20.
მე-2 მეოთხედი ელადელთა უპირატესობით დაიწყო. შეუჩერებელი იყო ნიკოს კალათისი, რომელმაც პირველ ტაიმში მოედანზე 15 წუთი გაატარა და 14 ქულა ჩააგდო. ამუშავდა ბერძნების პერიმეტრიც: იმავე კალათისმა, ევანგელოს მარგარიტისმა და კოსტას პაპანიკოლაუმ მიჯრით 3 სამქულიანი ჩააგდეს და ქართველთა დიდი უპირატესობიდან თითქმის აღარაფერი დარჩა - 42:38.
მეორე ტაიმის სტარტზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კოსტას სლუკასი და კალათისი უკვე ერთად დააყენა და აქცენტი კვლავაც უკანა ხაზზე გააკეთა, თუმცა ტაიმი მეტ ჯენინგის სამქულიანით გაიხსნა - 52:38. კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა ბითაძე, რომელიც შეტევაში ბურთებს ხსნიდა, ბერძნებს ჯარიმებიც მრავლად აჰკიდა. შედეგად, პაპაიანისმა კიდევ 1 ტექნიკური ფოლი მიიღო და ანგარიში 62:53 გახდა. სამწუხაროდ, ამას სტუმრების 10-ქულიანი გაქცევა მოჰყვა და მე-3 მეოთხედის მიწურულს თამაშში პირველად ჩამოვრჩით - 62:63. საბოლოო ჯამში, მე-3 მეოთხედი 15:27 დავთმეთ და ეს ფაქტობრივად იმ სიტუაციის იდენტური გახლდათ, რაც მანამდე ისრაელში დაგვემართა.
დასკვნითი მეოთხედი დრამატული გამოდგა. 2 ზუსტი სამქულიანის მერე საბერძნეთის ნაკრებმა მაქსიმალური უპირატესობა (71:76) მოიპოვა, რასაც ზუროსის წუთშესვენება და საქართველოს ნაკრების დიდებული პერიოდი მოჰყვა. მომდევნო წუთები მასპინძლებმა 14:3 მოიგეს, თოკო შენგელიას სლემდანქის შემდეგ ანგარიში 85:79 გახდა და უკვე სკურტოპულოსის წუთშესვენების დრო დადგა. ამ დროს საფინალო სირენამდე ორიოდე წუთი რჩებოდა და ძნელი წარმოსადგენი იყო, ყველაფერი ჩვენთვის სამწუხაროდ თუ დასრულდებოდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 გუნდური ჯარიმა ჰქონდა. წუთშესვენების შემდეგ თანასის ადეტოკუნბომ სწრაფი 2 ქულა მიითვალა, იქვე ცინცაძემ ბურთი დაკარგა და პაპანიკოლაუმ სამქულიანი ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, თამაშის გმირის წოდებაც კოსტას პაპანიკოლაუს ელოდა - ჩვენებს 2 იერიში გაუცუდდათ: ჯერ მსაჯმა შენგელიაზე გარბენი დააფიქსირა, შემდეგ კი შენგელიამ შორეული სამქულიანი ააცილა. როდესაც ბერძნებმა ბურთი მოხსნეს, თამაშის დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა, თუმცა ეს სრულიას საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ კალათისს ფარქვეშ პაპანიკოლაუ შეეშვა და მას გადამწყვეტი ორქულიანი ჩაეგდო - 85:86.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ევროპული ზონის მატჩები ნოემბერში განახლდება. ილიას ზუროსის შეგირდებს L ჯგუფში 4 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: ქართველი კალათბურთელები 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრებიან, 3 დეკემბერს ისრაელს დაუხვდებიან, გაისად, 21 თებერვალს, საბერძნეთში შეხვედრაა დაგეგმილი, ხოლო 24-ში ესტონეთს ვუმასპინძლებთ.