weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი მატჩი სტუმრად მოლდოვაში ფრედ დაასრულა

00:55 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კვლავ მოუგებლად გრძელდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამჯერად მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასპინძელთა ნაკრებთან ითამაშა ფრედ.

საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა, რაც მატჩის მოსაგებად ცხადია საკმარისი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, პირველ ტაიმს კოშმარულიც შეიძლება ეწოდოს – აუტსაიდერად მიჩნეულმა მოლდოველებმა ორი გოლი გაიტანეს: მე-15 წუთზე რადუ გინშარიმ თავით შეაგდო, ხოლო 36-ე წუთზე ალექსანდრუ დედოვმა სხვაობა გაზარდა. ორივე ეპიზოდში ქართველთა დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა მეორე გოლის ეპიზოდში აღსანიშნავია შვედი მსაჯების წარმოუდგენელი შეცდომაც – სანამ საგოლე პასი გაკეთედებოდა, ბურთმა მოედნის ფარგლები თვალნათლივ დატოვა, შესაბამისად გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები შეიტანა თამაშში და ამან შედეგი გამოიღო. „ჯვაროსნების“ თამაში გაცილებით აგრესიული გახდა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყო: ჯერ ნიკა კაჭარავამ ვერ გაიტანა ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში, ორ წუთის შემდეგ კი მოედანზე იმ წუთის შესულმა გიორგი მერებაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესი დარტყმით სხვაობა შეამცირა. 70-ე წუთზე საქართველომ ანგარიში გაათანაბრა – საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ბურთი ვაკო ყაზაიშვილს მიუვიდა, დაარტყა და რიკოშეტით  გაიტანა – 2:2. დარჩენილ დროში მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც: ჯერ ნიკა კვეკვესკირმა გვიხსნა, როდესაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ერთ ეპიზოდში ორი რეალური მომენტი გვქონდა – კაჭარავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მეტოქეს ვერ აჯობა, ეპიზოდი გაგრძელდა და გიორგი არაბიძემ ლამაზად გაისროლა შორიდან, მაგრამ მოლდოველები ამჯერად ხარიხამ იხსნა.

ამრიგად, საქართველოს 6 თამაშში 3 ქულა აქვს და მოლდოვის ნაკრებთან ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. სხვა სასიკეთო ამ მატჩს არაფერი მოუტანია. სამწუხაროა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ის უკმარისობის გრძნობა ჩნდება, თითქოს საქართველოს ნაკრებს შეუძლია მოგება და  გამარჯვებამდე მაინც მცირე აკლდება.

11 ივნისი, კიშინიოვი, „ზიმბრუ“

მოლდოვა - საქართველო 2:2

მოლდოვა: ნამაშკო, ციგირლაში (რაკუ 77), პოსმაკი, ეპურიანუ, ბორდიანი, კარპი (კოჟოკარი 73), ჩებოტარუ, ანტონიუკი, დედოვი, კოჩიუკი (ბუგაიოვი 73), გინსარი.

მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ტაბიძე, უ. ლობჟანიძე (კვეკვესკირი 34), ნავალოვსკი, დაუშვილი (ყაზაიშვილი 46), კანკავა, გ. არაბიძე, დვალიშვილი (მერებაშვილი 65), კაჭარავა.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (66), 2:2 ყაზაიშვილი (70).

გაფრთხილება: ბორდიანი - არაბიძე, კანკავა.

მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]