weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის გრან-პრიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 25 მედალი მოიპოვეს

10:47 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის გრან-პრიზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კი  - 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.

პირველ დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებიდან დილის პროგრამა წაუგებლად ბექა ლომთაძემ (57 კგ) და ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) ჩაამთავრეს.

ლომთაძე, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ფინალისტია და მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმსუბუქეს წონას დაუბრუნდა და ბრწყინვალედაც იასპარეზა: ფინალის გზაზე სომეხი, თურქი და აზერბაიჯანელი მეტოქეები ჩამოიშორა, საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ აზერბაიჯანელს 11:5 აჯობა და თბილისური გრან-პრის ოქროს მედლით საქართველოს ნაკრებში ახალ წონაში დაიმკვიდრა ადგილი.

ჯუმბერ ყველაშვილი საქმეში მეორე წრიდან პოლონელ მეტოქესთან შეხვედრით ჩაერთო და მეტოქეს 10 უპასუხო ქულა აუღო. ნახევარფინალში ტაჯიკეთის ნაკრების წევრს სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხს დაუპირისპირდა და ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე (10:0).

ბრინჯაოს მედლები ტარზან მაისურაძემ (74 კგ), კახა ელბაქიძემ (65 კგ), გიორგი მეშვილდიშვილმა და მამუკა კორძაიამ (ორივე 97 კგ) აიღეს.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, პირველ დღეს ქართველებმა სამივე სინჯის მედლები მოიპოვეს:  71 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძესა და რამაზ ზოიძეს შორის გამართული ქართული ფინალი ბოლქვაძის გამარჯვებით დამთავრდა, 80 და 98 კგ კატეგორიები კი ქართულ-სომხური ფინალებით დაგვირგვინდა, ორივე შემთხვევაში მასპინძელთათვის სასურველი შედეგით: 80-ში ნიკოლოზ კელასოვმა მაქსიმ მანუკიანი 4:2 დაამარცხა, 98-ში კი რევაზ ნადარეიშვილმა ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონს არტურ ალექსანიანს 4:1 აჯობა. ამ შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ ბოლო ორი ქულა მეტოქის არასპორტული საქციელის გამო მიიღო. ბრძოლის ბოლო წუთზე ალექსანიანი ხალიჩისმიღმა ატეხილ გარჩევაში ჩაერია და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა - მსაჯმა გამარჯვებულად ნადარეიშვილი გამოაცხადა. ტრიბუნებსა და არენაზე კი გუნდური დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდა და სიტუაციის განსამუხტად საქმეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია. 80 კილოგრამში მესამე საპრიზო ადგილი ლაშა გობაძემ დაიკავა, რეპეშაჟის ფინალში ყაზახი მეტოქის ძლევით (2:1). 

მეორე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან შეჯიბრება წაუგებლად მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ჩაამთავრა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ომარ გუსოშვილი, პოლონელი (10:0) და თურქი მეტოქე (10:0) ჩამოიშორა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის შეხვედრის სტარტზე მიცემული თანაბარი შედეგის შემდეგ ათქულიანი უპირატესობის მოპოვებით ოქროს მედალი ვადაზე ადრე გაინაღდა.

თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები კიდევ სამ წონაში: 61, 70 და 86 კილოგრამებში შეივსო. სამივე წონაში თითო ქართველი გავიდა ფინალში, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე სამივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. შოთა ფარტენაძემ (61 კგ) აზერბაიჯანელ ჯალილ ალიევთან წააგო, ზურაბ ერბოწონაშვილმა (70 კგ) - ირანელ ჯამალ ემანისთან, ხოლო დავით ხუციშვილმა (86 კგ) – აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან.

გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან მედლის მოპოვება შალვა ხუციშვილმა (61 კგ), დავით ტლაშაძემ (70 კგ) და ირაკლი მწითურმაც (86 კგ) შეძლეს - სამივემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე 66, 75, 85 და 130 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზეები გავიდნენ და ორ წონაში ყველას ქართველებმა აჯობეს: 85 კილოგრამში გრან-პრის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი გახდა, 130-ში კი - იაკობ ქაჯაია.

უმძიმეს წონაში საპრიზო სამეულში ვასილ იმერლიშვილიც შევიდა მესამე ადგილით. მის გარდა, ბრინჯაოს მედლებს საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი დაეუფლა: ედნარ შავაძე (66 კგ) და მინდია წულუკიძე (71 კგ).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]