weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რეალის“ მარცხი მოსკოვში და ანტირეკორდები

11:02 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში რამდენიმე საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. ეს პირველ რიგში ტურნირის მოქმედ გაამრჯვებულ მადრიდის „რეალზე“ ითქმის, რომელიც მოულოდნელად დამარცხდა მოსკოვის „ცსკა“-სთან, საშინაო შეხვედრები კი მიუნხენის „ბაიერნმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერ მოიგეს.

E ჯგუფში მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ორი სახელოვანი კლუბის დაპირისპირება ყაიმით დასრულდა. მასპინძელი „რეკორდმაისტერი“ სწრაფი გოლით დაწინაურდა და ბევრს ეგონა, ბავარიელები „აიაქსს“ იოლად დაჯაბნიდნენ, თუმცა მას მერე სტუმარმა ამსტერდამელებმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს და თუ გამარჯვებას ვინმე იმსახურებდა, ეს სწორედ ერიკ ტენ ჰაგის თამამი გუნდი იყო. ცხადია „ბაიერნიც“ ბევრს უტევდა და მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა მანუელ ნოიერს უფრო მეტჯერ მოუწია თავგანწირვით თამაში. საბოლოოდ, კანონზომიერი ფრით გუნდებმა ქულები ლოგიკურად გაიყვეს. საინტერესოდ წარიმართა მოვლენები პარალელურად მიმდინარე მატჩში, რომელიც ათენის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა - საწყის 15 წუთში სტუმარმა „ბენფიკამ“ ორი გოლი გაუტანა საბერძნეთის ჩემპიონ „აეკ“-ს, თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე კაცნაკლული დარჩა. მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში ვიქტორ კლონარიდისმა დუბლი შეასრულა და ათენელებმაც ის-ის იყო ირწმუნეს, რომ შეხვედრას გადაარჩენდნენ, ლისაბონელთა გვინეა-ბისაუელმა ნახევარმცველმა ალფა სემედომ უზუსტესი დარტყმით კვლავ წინ გაიყვანა პორტუგალიის ჩემპიონი გუნდი, რაც მატჩის უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა.

ბაიერნი - აიაქსი 1:1

1:0 ჰუმელსი (4) 1:1 მაზრავი (22).

აეკ - ბენფიკა 2:3

0:1 სეფეროვიჩი (6) 0:2 გრიმალდო (15) 1:2 კლონარიდისი (53) 2:2 კლონარიდისი (63) 2:3 ა. სემედო (74).

გაჭირვებით მოიგო შეხვედრა F ჯგუფის ფავორიტმა „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც მასპინძელი „ჰოფენჰაიმისგან“ გოლი პირველივე წუთზე გაუშვა, თუმცა მე-8 წუთზე სხვაობა სერხიო აგუეროს გოლით აღადგინა. ამის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ბევრს ეცადა და საწადელს შეხვედრის მიწურულს დავიდ სილვას გოლითღა მიაღწია, რითაც უმნიშვნელოვანესი სამი ქული მოიპოვა. ამავე ქვჯგუფის პარალელურად გამართულ შეხვედრაში მასპინძელმა „ლიონმა“ ქულები დონეცკის „შახტართან“ დაკარგა, უფრო სწორად კი მარცხს გადაურჩა და წესით, მოპოვებული 1 ქულით კმაყოფილიც უნდა იყოს, რადგან სტუმარმა „შახტარმა“ ჟუნიორ მორაესის დუბლით სოლიდური უპირატესობა იგდო ხელთ, თუმცა მასპინძლებმა იძალეს და მატჩი ორ წუთში გატანილი ორი გოლით გადაარჩინეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია დონეცკელთა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას - წინა ტურისგან განსხვავებით, იგი ამჯერად სათადარიგო სკამზე დარჩა.

ჰოფენჰაიმი - მანჩესტერ სიტი 1:2

1:0 ბელფოდილი (1) 1:1 აგუერო (8) 1:2 დ. სილვა (87).

ლიონის ოლიმპიკი - დონეცკის შახტარი 2:2

0:1 ჟუნიორ მორაესი (44) 0:2 ჟუნიორ მორაესი (55) 1:2 მ. დემბელე (70) 2:2 დებუა (72).

G ჯგუფის ლიდერი „რეალი“, როგორც უკვე ვახსენეთ, მოსკოვში დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე ტონი კროოსის შეცდომის შემდეგ 20 წლის ხორვატმა შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლა ვლაშიჩმა შეაგდო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „რეალს“ სერხიო რამოსი, მარსელო, გარეთ ბეილი და ისკო ეკლდნენ. აღსანიშნავია, რომ მადრიდულმა გრანდმა ზედიზედ სამ მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, რაც ბოლო 11 წელი არ მომხდარა, ამასთანავე „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო უგოლო მატჩი 30 შეხვედრის წინ ჩაატარა. სამაგიეროდ გაილაღა „რომამ“, რომელმაც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ შავი დღე აყარა აუტსაიდერ „პლზენს“. ჰეთ-თრიქი შეასრულა ედინ ჯეკომ, თითო გოლი კი თურქი ჯენგიზ უნდერისა და სახელოვანი პატრიკ კლუივერტის ვაჟის, ჯასტინ კლუივერტის ანგარიშზეა.

მოსკოვის ცსკა - რეალი 1:0

ვლაშიჩი (2).

რომა - ვიქტორია პლზენი

ჯეკო (3), ჯეკო (40), ჯენგიზ უნდერი (64), ჯ. კლუივერტი (73), ჯეკო (90+2).

დისკვალიფიცირებული კრისტიანო რონალდოს არყოფნით კარგად ისარგებლა „იუვენტუსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაულო დიბალამ და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „იანგ ბოიზს“ სამი გოლი გაუტანა. ტურინულმა გრანდმა შვეიცარიის ჩემპიონების დასამარცხებლად ნახევარი ძალა დახარჯა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დაგეგმილი სამი ქულის ასაღებად. სამაგიეროდ H ჯგუფში მყოფმა მეორე გრანდმა ვერ მოახერხა დაგეგმილი გამარჯვების მოპოვება - გამუდმებული კრიტიკის ობიექტის, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ვალენსიასთან“ დაფიქსირებული უგოლო ყაიმით კვლავ დაამტკიცა, რომ კრიზისში იმყოფება.

იუვენტუსი - იანგ ბოიზი 3:0

დიბალა (5), დიბალა (33), დიბალა (69).

მანჩესტერ იუნაიტედი - ვალენსია 0:0

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეორე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]