„ბედნიერი ვარ, რომ ამხელა წარმატებით ჩემი ქვეყნის წარმოდგენის საშუალება მომეცა. საჩემპიონო ბეჭედი და თასი საქართველოშიც ჩავა“, - განუცხადა ფაჩულიამ ამერიკელ ჟურნალისტებს.
საჩემპიონო შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ Oracle Arena-ს პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ბურთი სამჯერ მოხსნა (სამივე შეტევისას) და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, როდესაც კალიფორნიელებმა 15:0 „გაქცევა“ მოაწყვეს და ამის შემდეგ საქულე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. 34 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა სტეფ კარიმ, კლივლენდელებს კი ლებრონ ჯეიმსის 41 ქულამ, 13 მოხსნამ და 8 პასმა ვერ უშველა.
ამრიგად, „გოლდენ სტეიტმა“ აწგასრულებულ პლეი-ოფში 16 მატჩი მოიგო და ერთადერთი წააგო. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ფილადელფიის „სიქსერზსა“ (1983) და ლოს ანჯელესის „ლეიკერსს“ (2001) ჰქონდათ. წელს ფაჩულიას გუნდმა „მშრალად“ 4:0 მოუგო პორტლენდის, იუტასა და სან ანტონიოს გუნდებს კლივლენდელებთან კი მხოლოდ ერთხელ წააგეს.
ფინალური სერიის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP) კევინ დურანტი გახდა. მან ფინალური პლეი-ოფის ხუთივე მატჩში სათითაოდ 30 ქულაზე მეტი დააგროვა, ბოლო მატჩი კი მისი ფენომენალური შედეგით - 39 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით აღინიშნა.