სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ ალჟირელი ისლამ სლიმანის დუბლით 2:0 დაამარცხა ტრნავის „სპარტაკი“, რომლის შემადგენლობაში კვლავ შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა და 80-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საქართველოს ნაკრების წევრი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. შემდეგ თამაშს, რომელსაც სლოვაკური კლუბი შინ ზაგრების „დინამოსთან“ გამართავს, ქართველი ფეხბურთელი დაგროვილი ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
წინა ტურისგან განსხვავებით, პოლტავის „ვორსკლას“ რიგებში არ გამოჩენილა სანდრო კობახიძე. განაცხადში ასევე ვერ მოხვდა მცველი ანდრო გიორგაძე. უკრაინული გუნდი შინ ლისაბონის „სპორტინგთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ მსგავსად უქულოდაა, მაშინ როდესაც „სპორტინგსა“ და ლონდონის „არსენალს“ 6-6 ქულა აქვთ.
ევროპა ლიგაზე „დუდელანჟის“ შემადგენლობაში ლევან ყენიას დებიუტი შედგა. ქართველი შემტევი საქმეში 76-ე წუთზე ჩაერთო. იმ დროს ლუქსემბურგული კლუბი სევილიაში „ბეტისთან“ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა სამი ბურთის სხვაობით წააგო. „დუდელანჟი“ 0 ქულითაა F ჯგუფში, სადაც „მილანი“, „ბეტისი“ და „ოლიმპიაკოსი“ გამოდიან.
„სპარტაკის“ განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ჯანო ანანიძე. მოსკოვის „სახალხო გუნდმა“ შინ უხვგოლიან შეხვედრაში (3:3) ქულები გაიყო „ვილიარრეალთან“ და 1 ქულით G ჯგუფის ბოლო პოზიციაზეა.
„კრასნოდარის“ რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის მიერ „სევილიის“ კარში გატანილი შთამბეჭდავი გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რის შედეგადაც რუსულმა კლუბმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით ქვეჯგუფში გალიდერდა. შემდეგ თამაშს კრასნოდარელები სტუმრად ბელგიაში გამართავენ და ლიეჟის „სტანდარდს“ დაუპირისპირდებიან.
ევროპა ლიგის მომდევნო ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.