ბასილაშვილმა მე-3 გამარჯვება 34 წლის ტუნისელ მალეკ ჯაზირისთან მოიპოვა, რომელსაც 6:2, 6:2 სძლია. საინტერესოა, რომ ჩრდილო აფრიკელმა სპორტსმენმა მანამდე მე-2 განთესვის მქონე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ჩამოიცილა – 7:6 (7:4), 2:6, 6:4.
კორტზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა, რადგან ქართველი ჩოგბურთელი ტუნისელ მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა, თავისი მოწოდება არ წაუგია და მოგებისთვის მხოლოდ საათი და 8 წუთი ეყო.
ამ წარმატების წყალობით ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 180 900 დოლარი გამოიმუშავა, შედეგად ე.წ. ლაივ-რეიტინგში 28-ე ადგილზე გადაინაცვლა, ეს კი მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე გახლავთ, პეკინში კი მე-5 განთესვა გააჩნია.