აზიის ზონის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფის პირველადგილოსანმა და ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელმა ირანის ნაკრებმა, რომელსაც 2011 წლიდან პორტუგალიელი კარლოს კეიროსი წვრთნის, მე-8 ტურში შინ უზბეკეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და რადგან მოგვიანებით მეორე ადგილზე მყოფმა სამხრეთ კორეამ ყატარში წააგო, მუნდიალის საგზური ორი ტურით ადრე ავტომატურად მოიპოვა.
ირანის ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, რუსეთში გასამართი ჩემპიონატი მე-5 მუნდიალი იქნება - აქამდე გუნდს მონაწილეობა 1978, 1998, 2006 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰქონდა მიღებული, თუმცა მუნდიალებზე ჯგუფური ეტაპი არასოდეს გადაულახავს.