weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბინის მეპატრონე ასლანბეგ ჯაბრაილოვი გაათავისუფლეს

12:39 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა ასლანბეგ ჯაბრაილოვი, რომლის ბინაშიც, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ცხოვრობდნენ. ჯაბრაილოვი არ აკეთებს კომენტარს ბინა ვისზე ჰქონდა გაქირავებული და არ საუბრობს მომხდართან დაკავშირებით.

ასლანბეგ ჯაბრაილოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხვაზე გუშინ, დაახლოებით 12 საათისთვის დაიბარეს. ის ახმეტაში, "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცავებმა ჯაბრაილოვი ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს. მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ასლანბეგ ჯაბრაილოვის ადგილსამყოფელი მისი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ.

სააგენტო „რეგინფომ“ ასლანბეგ ჯაბრაილოვთან გასაუბრება დაკითხვაზე მის დაბარებამდე ერთი საათით ადრე მოახერხა. თავდაპირველად მან უარყო, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, მას ეკუთვნოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. „რეგინფომ“ გაარკვია, რომ ბინა მერი ხანგოშვილზე იყო რეგისტრირებული, რომელიც ასლანბეგ ჯაბრაილოვის პირველი ცოლის ნათესავია. მერი ხანგოშვილმა „რეგინფოს" უთხრა, რომ აღნიშნული ბინა ასლანბეგ ჯაბრაილოვის დედამ თინა გაურგაშვილმა მის სახელზე დაახლოებით 6 წლის წინ, ავსტრიაში წასვლამდე გადააფორმა. „თუმცა, გასაღები მე არ მაქვს. გასაღები ასლანბეგს აქვს და ბინას ის პატრონობს. მე არვიცი ბინა ვისზე ჰქონდა გაქირავებული“, - აღნიშნა მერი ხანგოშვილმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ასლანბეგ ჯაბრაილოვმა ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, სავარაუდოდ ეთნიკურ ჩეჩნებზე, ერთი თვის წინ, ცოლის ძმის დახმარებით გააქირავა. მისი ცოლის ძმა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები 38 წლის რიზვან გორნაკაშვილია. ის თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მღებავად მუშაობს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორნაკაშვილი 21 ნოემბერს, საღამოს დააკავა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რასაც პანკისში მცხოვრები მისი მეგობრებიც ადასტურებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

„სერიოზული ჯგუფი იყო. იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ რომელი ქვეყნის მოქალაქეები და რომელი დაჯგუფების წევრები არიან ისინი. თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია მივუსადაგოთ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.

კითხვაზე, არის თუ არა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევი, გახარაიამ უპასუხა: „კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]