weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მესტიაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დროებით შეწყვიტეს

10:15 ორშაბათი, 02 აპრილი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

მესტიაში, მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დროებით შეწყდა. მოსახლეობამ სამშენებლო კომპანიის კუთვნილ სატვირთო მანქანებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება იმ პირობით მისცა, რომ სამშენებლო მასალას დაცლიან და პერსონალს გაიყვანენ.

ჰესისკენ მიმავალი გზის გახსნაზე გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„სანამ მოსახლეობასა და კომპანიას შორის არ შედგება მოლაპარაკება, სანამ არ დაგვარწმუნებენ უსაფრთოხოებაში და არ გაკეთდება ის, რაც თავდაპირველად განიხილებოდა, მანამდე ყოველგვარი სამუშაოები შეჩერებული იქნება“, – აღნიშნა ლაშა გერლიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების დროს „მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესი, ასევე დაცული იქნება ინვესტორის და სახელმწიფოს ინტერესები“.

„მოლაპარაკება გაგრძელდება, შედეგი დადგება კონსენსუსის საფუძველზე. სამუშაოების გაგრძელების მიმართულებით, რათქმაუნდა, ერთად მიიღებენ კომპანია და მოსახლეობა გადაწყვეტილებას, თუმცა სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება“, – უთხრა კახაბერ საბანიძემ ჟურნალისტებს.

მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივების ნაწილს ორი დღის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდა და მძიმე ტექნიკას გავლის საშუალებას არ აძლევდა. მესტიაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი.

მესტიაში ჰესების მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. 5 მარტს მესტიაში ლალხორი (საერთო სასვანეთო კრება) შეიკრიბა და ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღო.

„კატეგორიულად ვკრძალავთ მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას. ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლალხორის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს, სახელმწიფომ, გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სვანები სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარონ: „შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი“.

დაბა მესტიაში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესების მშენებლობას კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს. 7 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორივე ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ინვესტიციის 2/3 უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჰესები „თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება, ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]