weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა

10:37 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს. სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს, რომ „მისი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია მათ აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე“.

მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც გუშინ არის დაწერილი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა:

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელი ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის!

ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ახლა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საღამოს განაცხადა.

პირველ ოქტომბერს, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ვიდეოებში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, თუმცა Facebook-ში 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში. ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]