weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბორჯომის მერი და მერიის 90 თანამშრომელი გაიფიცა

13:07 პარასკევი, 02 მარტი 2018
ბორჯომის მერი და მერიის 90 თანამშრომელი გაიფიცა ფოტო Ⓒ სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მერიის თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. როგორც „რეგინფოს“ ბორჯომის მერმა განუცხადა, გაფიცულები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებას ითხოვენ, ამ საკითხების გადაწყვეტამდე კი მერია მუშაობას არ განაახლებს.

„მერიის თანამშრომლებს აქვთ პროტესტი გამოხატვის უფლება და იყენებენ ამ უფლებას“, - აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

იგივე მოთხოვნებით მერმა, მერიის და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებმა, ასევე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრებმა გუშინ ბორჯომში საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის და საშტატო ნუსხის დამტკიცების გარდა, რაც სამსახურის უფროსებისთვის 450 ლარით ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებს, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის გადადგომასაც ითხოვდნენ.

„გადადგომას არ ვაპირებ, თუმცა მზად ვარ პიკეტირების მოხსნის შემთხვევაში ხვალ შევიდე სამუშაო კაბინეტში და ჩავნიშნო საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თუმცა ამისათვის საჭიროა მომმართოს მერიამ ან საკრებულოს დეპუტატებმა“, - უთხრა ზაზა ჩაჩანიძემ გუშინ ჟურნალისტებს.

1-ელ მარტს, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია საკრებულოს შენობაში არ უშვებდა. შსს-ს განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. გუშინ ბორჯომში ათეულობით პოლიციელის გარდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასეულობით თანამშრომელიც იყო მობილიზებული.

ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, ბორჯომის მერს ან საკრებულოს წევრთა ნაწილს საკრებულოს თავმჯდომარისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარეც.

საკრებულოს უმრავლესობამ რამდენჯერმე უთხრა უარი მერიას და არ დაამტკიცა მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხა, რომელიც მერის ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს 900 ლარით, სამსახურის უფროსების კი 450 ლარით. საკრებულოს უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბორჯომში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდა. უმრავლესობა მერიას სთავაზობდა, სამსახურის უფროსების ხელფასი 150 ლარით, მერის კი 200 ლარით გაეზარდათ. საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები 2 თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ ისინი სხდომაზე 28 თებერვალს პირველად მივიდნენ. მას შემდეგ რაც უმრავლესობამ მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე ისევ უარი თქვა, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრი სერგო რატიანი მივიდნენ. მერიის თანამშრომლები მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზში არ უშვებდნენ და უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში მუშაობა პარალიზებული იყო.

გვიან საღამოს მერიაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მივიდა და ბორჯომის მერს შეხვდა. ასევე, გვიან საღამოს საკრებულოს 17 წევრი შეიკრიბა და 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ მერიის საშტატო ნუსხა და ხელფასების გაზრდის საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი თავმჯდომარეობდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ სხდომის ოქმს და განკარგულებას ხელი არ მოაწერა. ჩაჩანიძის განმარტებით, საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევა იმავე დღეს არ შეეძლოთ და სხდომა არალეგიტიმური იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ბორჯომში პოლიტიკური კრიზისია და ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებული საკრებულოს დაშლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]