weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური დასრულდა

10:53 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი ტური მიილია. მეორე დღეს გამართული რვა მატჩიდან ერთი მოულოდნელი შედეგით დასრულდა, ფავორიტმა გუნდებმა კი დაგეგმილი სამ-სამი ქულის აღება შეძლეს.

E ჯგუფის პირველ მატჩში ლეგენდარულ „ამსტერდამ არენაზე“ თავი ისახელა „აიაქსმა“ და ათენის „აეკ“-ს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება სამი გოლით ჩაუმწარა. დუბლი შეასრულა არგენტინის ნაკრების წევრმა, მარცხენა მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ, რომლის მეორე გოლი დიდებული გამოდგა. მოგვიანებით კი საქმეში მიუნხენის „ბაიერნი“ ჩაერთო, რომელმაც სტუმრად ლისაბონში „ბენფიკას“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და „აიაქსს“ არ ჩამორჩა. პირველი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, როდესაც ფრანკ რიბერის პასით დიდებულად გაისარჯა, მეორე გოლი კი რეანტო სანჩესის ანგარიშზეა, რომელმაც მშობლიურ კლუბთან გატანილი გოლი არ აღნიშნა.

აიაქსი - აეკ 3:0

ტალიაფიკო (49), ვან დე ბეეკი (77), ტალიაფიკო (90).

ბენფიკა - ბაიერნი 0:2

რ. ლევანდოვსკი (10), რ. სანჩესი (54).

ქართველებისთვის ინტერესს იწვევდა F ჯგუფის პირველი მატჩი დონეცკის „შახტარსა“ და დებიუტანტ „ჰოფენჰაიმს“ შორის, რადგან უკრაინული კლუბის ღირსებას ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა იცავს. შეხვედრაში, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გამო ხარკოვმა უმასპინძლა, იულიან ნაგელსმანის გუნდი ორჯერ დაწინაურდა, დონეცკელებს კი ორჯერ მოუხდათ სხვაობის აღმოფხვრა. შესაძლებელი ისიც იყო, სრულიად სხვა ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი, თუმცა საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და შეიძლება იტქვას, რომ ორ გაშვებულ გოლში ბრალი ნაკლებად მიუძღვის. ქვეჯგუფის მეორე მატჩში ფავორიტად შერაცხულ „მანჩესტერ სიტის“ ლიონის „ოლიმპიკმა“ ალიყური აჭამა - ბრუნო ჟენეზიოს გუნდმა პირველი ტაიმი კონტრეშეტევების წყალობით ორი ბურთით მოიგო, „სიტიმ“ კი მეორე ნახევარში მხოლოდ სხვაობა შეამცირა და ტურნირი მარცხით დაიწყო.

დონეცკის შახტარი - ჰოფენჰაიმი 2:2

0:1 გრილიჩი (6) 1:1 ისმაილი (27) 1:2 ნორტვეიტი (38) 2:2 მაიკონი (81).

მანჩესტერ სიტი - ლიონის ოლიმპიკი 1:2

0:1 კორნე (26) 0:2 ფეკირი (43) 1:2 ბ. სილვა (67).

G ჯგუფში სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა შედგა, რომელსაც მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუმ“ უმასპინძლა. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა „რეალმა“ დაამტკიცა, რომ კრისტიანო რონალდოს გარეშეც მრისხანე გუნდია და „რომა“ პირწმინდად დაჯაბნა. ხულენ ლოპეტეგის გუნდი მაღალ ტემპში უტევდა და კარგად კომბინირებდა, საპასუხოდ „რომაც“ ქმნიდა მომენტებს, თუმცა ისკომ, გარეთ ბეილმა და შეცვლაზე შესულმა მარიანო დიასმა ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს და დაგეგმილი გამარჯვება მოუტანეს „სამეფო კლუბს“. ამავე ქვეჯგუფში შინ ორი ბურთით დაწინაურებულ „ვიქტორია პლზენს“ მეორე ნახევარში მოსკოვის ცენტრალურმა არმიელთა კლუბმა ორი გოლი გაუტანა და ქულა გადაარჩინა.

რეალი - რომა 3:0

ისკო (45), ბეილი (58), მ. დიასი (90+2).

ვიქტორია პლზენი - მოსკოვის ცსკა 2:2

1:0 კრმენჩიკი (29) 2:0 კრმენჩიკი (41) 2:1 ჩალოვი (49) 2:2 ვლაშიჩი (90+5 პ.).

E ჯგუფში კი ორივე გამოკვეთილმა ფავორიტმა სტუმრად იოლად იმარჯვა, თუმცა „იუვენტუსის“ გამარჯვებისას მთავარი არბიტრიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც „ვალენსიასთან“ პირველ ტაიმში კრისტიანო რონალდო მეტოქე ფეხბურთელთან არასპორტული საქციელისთვის გააძევა, შემდეგ კი ტურინულ გრანდს ორი პენალტი დაუნიშნა, რომლებიც გოლებად მირალემ პიანიჩმა აქცია. თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება „ვალენსიამაც“ მოიპოვა, თუმცა კომპენსირებულ წუთებზე დარტყმული ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია. რაც შეეხება „მანჩესტერ იუანიტედს“, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „იანგ ბოიზთან“ სტუმრად სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა.

ვალენსია - იუვენტუსი 0:2

პიანიჩი (45 პ.), პიანიჩი (51 პ.).

იანგ ბოიზი - მანჩესტერ იუნიატედი 0:3

პოგბა (35), პოგბა (44 პ.), მარსიალი (66).

 

ამ თემაზე:

ჩემპიონთა ლიგა მესის ჰეთ-თრიქით გაიხსნა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]