weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თუ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ და ეს მიწა თქვენია, იქ გამართეთ მიტინგები – კადიროვი ინგუშებს

11:49 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. კადიროვი დემონსტრანტებს დაემუქრა და მოუწოდა მათ, აქცია გამართონ იმ ტერიტორიაზე, რომელის ჩეჩნეთისთვის გადაცემასაც აპროტესტებენ.

„საზღვრის ამ მხარეს ჩეჩნეთის მიწაა, ის მხარე კი ინგუშ ხალხს ეკუთვნის. თუ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ, თუ ეს ტერიტორია თქვენია, მაშინ იქ გამართეთ მიტინგები.

ისინი, ვინც ამ ხალხს ხელმძღვანელობთ, მოდით იქ და განაცხადეთ, რომ თქვენი მიწაა. თუ ამის შემდეგ, იქიდან ცოცხლები წახვალთ, მაშინ მე ის რამზანი ვყოფილვარ, რომელზეც ლაპარაკობთ“, - ციტირებს რამზან კადიროვის მიმართვას „კავკაზ.რეალიი“.

გამოცემის ცნობით, კადიროვმა მუქარის შემცველი განცხადება 16 ოქტომბერს გააკეთა. ჩეჩნეთის მეთაური ასე გამოეხმაურა შეურაცხყოფას, რომელიც მისი მისამართით მაგასში გამართულ დემონსტრაციაზე ისმოდა. ზოგიერთმა გამომსვლელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ კადიროვი ბენოის (ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩეჩნური ტეიპი) მოდგმის კი არ არის, არამედ „ბენიას“ (ინგუშურად „მწყემსი“) მოდგმიდანაა.

ბოლო ინფორმაციით, 19 ოქტომბერს კადიროვი ინგუშეთში ჩავიდა და იმ უხუცესს შეხვდა, რომელმაც მას აქციაზე მწყემსი უწოდა. შეხვედრის დროს კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთისთვის იმ ტერიტორიის გადაცემა, რომელიც ინგუშების უკმაყოფილების საბაბი გახდა, თავად ინგუშეთის მთაურის, იუნუს-ბეკ ევკუროვის ინიციატივა იყო.

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა - იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება 26 სექტემბერს გააფორმეს. დოკუმენტი თანაბარზომიერი ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს: დოკუმენტის თანახმად, ინგუშეთის რესპუბლიკამ ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი - მთიანი და ტყიანი ადგილი მიიღო, რის სანაცვლოდაც ჩეჩნეთს სუნჯის რაიონის იგივე ზომის ტერიტორია გადასცა.

შეთანხმების წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 17 ოქტომბერს დროებით შეჩერდა. 30 ოქტომბერს ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესი გაიმართება, რის შემდეგაც დემონსტრაციების განახლება იგეგმება.

ამასთან, 25 ოქტომბერს, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ სადაო საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]