weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგუშეთში მასშტაბურ აქციებზე ევკუროვის გადადგომას ითხოვენ

02:23 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციის მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

თუ აქამდე აქციის მონაწილეები ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმების და ჩეჩნეთისთვის სუნჯის რაიონის გადაცემის გამო გამოხატავდნენ პროტესტს, ახლა ქვეყნის მეთაურის იუნუს-ბეკ ევკუროვისა და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.

ორგანიზატორების მონაცემებით, 5 ოქტომბერს აქციაზე 60 ათასამდე ადამიანი იყო, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები კი რამდენიმე ათეული მომიტინგის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. მაგასში მესამე დღეა მობილური ინტერნეტი არ მუშაობს. ქალაქში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აღსანიშნავია, რომ პარასკევის ლოცვის დროს მათ იარაღი გადადეს და აქციის მონაწილეებთან ერთად ილოცეს.

ჩეჩნეთის და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიზანი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ორ სუბიექტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენაა. დოკუმენტის თანახმად, ინგუშეთის რესპუბლიკამ ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი - მთიანი და ტყიანი ადგილი მიიღო, რის სანაცვლოდაც ჩეჩნეთს სუნჯის რაიონის საზღვართან იგივე ზომის ტერიტორია გადასცა.

ინგუშეთის სახალხო კრებამ 4 ოქტომბერს აღნიშნული შეთანხმება დაამტკიცა. 32 დეპუტატიდან სხდომაში სულ 25 მონაწილეობდა. დოკუმენტის რატიფიკაციას მხარი 17-მა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. მოგვიანებით დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგები გააყალბეს. ამასთან ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დოკუმეტს მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ საზღვრის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება რეფერენდუმზე უნდა მიიღონ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]