weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთის სასამართლომ უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

11:36 სამშაბათი, 19 მარტი 2019

ჩეჩნეთში, შალინის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი დამნაშავედ ცნო დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვაში და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა ტიტიევისთვის 4-წლიანი პატიმრობისა და 100 000 რუბლის ოდენობით ჯარიმის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული მანამდე არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სასჯელი შეუმცირა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ტიტიევი საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

ოიუბ ტიტივი უკვე 15 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, ამიტომ ციხეში ორი წლისა და ცხრა თვის გატარება მოუწევს. ამასთან, 10 მაისიდან მას უკვე ექნება უფლება პირობით ვადამდე გათავისუფლება მოითხოვოს.

გასულ კვირაში გამართულ პროცესზე, თავის საბოლოო სიტყვაში ოიუბ ტიტიევმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლებრივი დევნა მისი, როგორც უფლებადამცველის, საქმიანობის გამო დაიწყო.

„თავს მუსლიმებად თვლიან ისინი, ვინც ეს საქმე გააყალბეს და რვა თვის განმავლობაში ცრუ ჩვენებების მიცემით ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს დამტოვონ გისოსებს მიღმა. არცერთი მათგანი არ არის დაინტერესებული ჭეშმარიტების დადგენით. მრცხვენია მათი ყურება, ვინც თავს მუსლიმს უწოდებს და ასე დაბლაა დაცემული“, – აღნიშნა ტიტიევმა.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს, იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით სტომატოლოგთან მიდიოდა. სამართალდამცავებმა მას ბრალად წარუდგინეს დაახლოებით 200 გრამი ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის შენახვა. ტიტიევი აცხადებს, რომ მარიხუანის შეკვრა მანქანაში პოლიციამ ჩაუდო, შემდეგ კი დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

ოიუბ ტიტიევის გათავისუფლებას ითხოვს ევროპარლამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. იგი პოლიტიკურ პატიმრად ცნეს ისეთმა გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა როგორებიცაა Amnesty International და Humans Rights Watch.

2018 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოიუბ ტიტიევს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიანიჭა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]