ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებით, ხელნაწერის შესახებ ქართული სამეცნიერო წრისთვის 2014 წლიდანაა ცნობილი.
„ცხადია, ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი. 2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩყალაში ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჩიტუნაშვილი დალი. მან შეისწავლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად“, – ნათქვამია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მიმდინარე წლის 29 მარტს, ტელეარხ „როსსიას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ხელნაწერების გაციფრულების დროს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ასომთავრულით შესრულებული ტექსტი VI საუკუნით თარიღდება და ის XI საუკუნის არაბული ხელნაწერის ქვეშ იყო. დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, შამილ შიხალიევის განცხადებით, ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მსგავსი ხელნაწერი აქამდე დაღესტანში აღმოჩენილი არ ყოფილა.