weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს - კადიროვი

07:32 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, მისი დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამ საკითხს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გამოეხმაურა.

„ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, „თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ამის შესახებ ვერავინ, მითუმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები [საქართველო და უკრაინა] ვერ გაიგებენ“.

კადიროვი აღნიშნავს, რომ რუსეთში გაბუნიას სიტყვები არ დავიწყებიათ და ქართველმა ჟურნალისტმა შეურაცხყო რუსეთის ხელისუფლება, ხალხი და ე.ი. პირადად კადიროვიც.

„გიორგი გაბუნიას, როგორც ადრეც ვთქვი, ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელსუფლებას, მიიღოს ზომები ამ მოქალაქის ხელახლა აღსაზრდელად. ვურჩევ მას, სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ის ჩემს მტრად რჩება“, - წერს რამზან კადიროვი.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]