weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - ნიკა გვარამია

23:59 ორშაბათი, 15 ივნისი 2020

ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 ივნისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსესეთის მოქალაქე საქართველოში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით იმყოფებოდა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს.

„კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. ის სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ ქვეყნის გამოჩენილი მოქალაქის ლიკვიდაციას, ჩეჩნეთს ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით.

ჩვენი წყაროს ცნობით, კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან, ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან, მის ტერიტორიაზე, ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები, უკრაინის მოქალაქის მიერ, ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ, რის გამოც მისი დაცვა გააძლიერეს.

„რამდენჯერმე გვქონდა ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თვალთვალი მიმდინარეობდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ხელისუფლება იყო და ეს არ გაგვკვირვებია,იმიტომ, რომ ხელისუფლება ყველა ჩვენს წამყვან სახეს უთვალთვალებს, ჩემით დაწყებული. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად და ამის მიზეზი ის იყო, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როდესაც გამოძიება მიმდიანრეობს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და აქედან ინფორმაციის გაჟონვის დიდი ეჭვი არსებობდა. კორონაპანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს. აქედან ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ იმას, რაც ხდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას. ამის შემდეგ გაძლიერდა გაბუნიას დაცვა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია. საბოლოო ჯამში დაკავებული იქნა ეს ადამიანი - სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი არხის დირექტორი მისი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მოუწოდებს როგორც ქართველ, ისე უკრაინელ სამართალდამცავებს, რუსეთის დაკავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქსიმალურად საჯარო გახადონ.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

ჩეჩნეთის ლიდერი გიორგი გაბუნიას ერთი წლის წინ დაემუქრა. რამზან კადიროვის აგრესია ქართველი ჟურნალისტის მიერ პუტინის მისამართით გინებამ გამოიწვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]