weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვენაში ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნათესავებმა აიღეს

18:31 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ავსტრიაში მოკლული ჩეჩენი ბლოგერის და რამზან კადიროვის კრიტიკოსის, მამიხან უმაროვის ნათესავმა მამაკაცებმა ვიდეო ჩაწერეს, რომლითაც ფაქტობრივად აღიარეს დანაშაული.

გამოცემა „კავკაზ.რეალიის“ ინფორმაციით, ჩეჩნეთის ერრთ-ერთ სოფელში ჩაწერილი ჩეჩნურენოვანი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ჩვენი გვარიდან არის ძაღლი, რომელიც ევროპაში ცხოვრობდა, მამიხან უმაროვი. სანამ მასთან საქმე არ მოვაგვარეთ, გამოჩენის საშუალება არ გვქონდა. ვცდილობდით მასთან კავშირის დამყარებასა და მის შეჩერებას. ვუთხარით შეეწყვიტა, გაჩერებულიყო, არ ეკეთებინა ის, რასაც აკეთებდა, მან კი გვიპასუხა, რომ ევროპის სპეცსამსახურები თავს არ ანებებდნენ და მათი დავალებით უნდა ელაპარაკა“, - ამბობს ვიდეოში მოკლულის ახლო ნათესავი.

მისივე თქმით, მაშინ მიხვდნენ, რომ უმაროვი „ყველა შემთხვევაში“ უნდა შეეჩერებინათ. ვიდეოს მონაწილეებმა მოითხოვეს, ავსტრიის პოლიციამ ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილები გაათავისუფლოს.

„გავაჩერეთ, რადგან ეს უნდა გაგვეკეთებინა. ევროპაში უამრავი ადამიანია, რომელიც მკვლელობის ბრალდებით უსაფუძვლოდ იმყოფება პატიმრობაში. რაც გაკეთდა, ჩვენ გავაკეთეთ. თავი დაანებეთ და ნუ აწამებთ იმ ხალხს“, - განაცხადეს ნათესავებმა.

მათ ბოდიში მოუხადეს ჩეჩნებს და ჩეჩნეთის მეთაურს უმაროვის „შეურაცხმყოფელი“ განცხადებებისთვის.

მამიხან უმაროვი მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვენაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. სიცოცხლეში მას YouTube-ზე საკუთარი არხი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა.

უმაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი ჩეჩენი დააკავეს.

მოკლულის ქვრივი მკვლელობასთან ჩეჩნეთის ხელისუფლების კავშირზე საუბრობდა. თავად რამზან კადიროვმა კი, როგორც უმაროვის, ისე სხვა ჩეჩენი პოლიტემიგრანტების მკვლელობაში უცხოური სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

„კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, ავსტრიაში მამიხან უმაროვის საქმეზე გამოძიებას კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პოლიტიკური მოტივი გამორიცხული არ არის. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ სამართალდამცველები მკვლელობის დამკვეთებს იპოვიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]