გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კონფლიქტის ზონაში 400 მშვიდობისმყოფელი გაგზავნა. მათი ტრანსპორტირება „ილ-76“ ტიპის ოცი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით მოხდა. დღეს რუსეთიდან კიდევ ხუთი ასეთი თვითმფრინავი გაფრინდა.
თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების მიზნით, ჯამში 1900 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს და 380 ერთეულ ავტომობილსა და სპეცტექნიკას შეიყვანენ.
საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულების მონიტორინგისთვის, რუსული პუნქტები განთავსდება შეხების ხაზის გასწვრივ, ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, სამშვიდობო ოპერაციების სარდლობა კი სტეპანაკერტის რაიონში იქნება.
9 ნოემბერს, გვიან ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას).
სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის კონროლქვეშ გადავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი: 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა.
რუსეთის მშვიდობისმყოფელები სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განლაგდებიან. გარდა ამისა, შეთანხმების მეხუთე პუნქტის მიხედვით, „კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის სამშვიდობო ცენტრი“.
ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, შეთანხმებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში; ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. 9 ნოემბრამდე მხარეებმა სამჯერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ის სამჯერვე დაირღვა.