ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც მე მომაწერენ, არის კარგად ცნობილი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ მე დავთანხმდი აზერბაიჯანისთვის სამი რეგიონის გადაცემას - აღდამის, ლაჩინის, ქალბაჯარის.
სინამდვილეში, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ეპიზოდი არის არა ტერიტორიების ჩაბარებაზე, არამედ შენარჩუნებაზე, იმიტომ, რომ დოკუმენტს ხელი მოეწერა იმ პერიოდში, როდესაც შუში (ქალაქი შუშა - აზერბაიჯანულად) ეცემოდა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა შემატყობინა, რომ რესურსები, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ პრობლემური იყო, ამ აზრს იზიარებს არცახის (მთიანი ყარაბაღის) პოლიტიკური ხელმძღვანელობაც.
რა პერსპექტივები გაჩნდებოდა, თუ დოკუმენტი იმ ეტაპზე არ იქნებოდა ხელმოწერილი? სინამდვილეში, ამ დოკუმენტმა მოგვცა ის, რის შენარჩუნებასაც, სამხედრო და არასამხედრო შეფასებით, ვერ შევძლებდით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, დიდი იყო ალბათობა, რომ მოწინააღმდეგე შეძლებდა მარტუნის, სტეფანაკერტის, ასკერანის აღებას, რის შემდეგაც სომხეთის თავდაცვითი რაიონები, ათასობით ჯარისკაცი ალყაში მოექცეოდა და მოხდებოდა სრული კოლაფსი.
„იმ მომენტში ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც სტეფანაკერტი პირდაპირი საფრთხის წინაშე იყო. არცახის პრეზიდენტის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, სტეფანაკერტი ძალიან სუსტად ან სიმბოლურად არის დაცული. მისი აღება რომ მომხდარიყო, ათასობით ჩვენი ჯარისკაცი გარშემორტყმული იქნებოდა და შედეგად ჩვენ დავკარგავდით იმასაც, რაც ამ დოკუმენტით დაფიქსირებულია. ეს არის მთელი სიმართლე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
9 ნოემბერს, გვიან ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას).
სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი: 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, 20 ნოემბრამდე – აღდამის რაიონს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად, სულ მცირე ხუთი წლის ვადით, მთიან ყარაბაღის შეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკის სახით. გარდა ამისა, სავარაუდოდ რუსეთ-თურქეთის მონაწილეობით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის სამშვიდობო ცენტრი.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. 9 ნოემბრამდე მხარეებმა სამჯერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ის სამჯერვე დაირღვა.