როგორც ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო დაინიშნა. არჩევნები 20 ივნისს უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
25 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი და მინისტრთა კაბინეტის წევრები გადადგნენ. კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად საჭიროა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგეს და შემდეგ, პარლამენტმა ორჯერ არ დაამტკიცოს ახალი პრემიერის კანდიდატურა.
20 ივნისის არჩევნებში მონაილეობას აპირებენ ფაშინიანი და მისი პარტია - „ჩემი ნაბიჯი“.