აიშათ კადიროვამ მედალი ჩეჩნეთის სახალხო დამცველისგან მიიღო – მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში, ჩეჩნეთის სოციალური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში, ჩეჩენი ხალხის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ასევე მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ურთიერთქმედების განმტკიცებისთვის.
23 წლის აიშათ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აიშათი რამზან კადიროვის ერთადერთი შვილი არ არის, რომელიც მაღალ თანამდებობაზეა. მისი მეორე ქალიშვილი, 21 წლის ხადიჯათი გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსია. რამზან კადიროვის განკარგულებით, 10 დეკემბერს, ის „ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვეს.
რამზან კადიროვი და მისი ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში არიან. ყველა მათგანს აშშ-ში შესვლა ეკრძალება. სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კადიროვია პასუხისმგებელი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის წამებასა და სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯაზე.