weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ჩეჩნეთის ლიდერის მუქარების შემდეგ ჟურნალისტი ელენა მილაშინა რუსეთს ტოვებს 

15:43 შაბათი, 05 თებერვალი 2022

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ელენა მილაშინა, რომელიც წლების განმავლობაში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე წერდა, რუსეთის ფედერაციას დროებით ტოვებს. ამის მიზეზი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარის შემცველი განცხადებები გახდა. 

მილაშინას ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება გამოცემის რედაქციამ მიიღო – ფედერალურ მთავრობასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობების და მილაშინას მისამართით მუქარების გამო. 

„მისი [მილაშინას] ადგილსამყოფელი გავლენას არ მოახდენს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების თემის გაშუქებაზე“, – წერს გაზეთის რედაქცია. 

იანვრის ბოლოს კადიროვმა ელენა მილაშინა მოიხსენია როგორც „ტერორისტი, რომელიც ჩეჩნეთის და ჩეჩნების თემით ფულს შოულობს“ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ამასთან, რამზან კადიროვმა განმარტა, როგორ ებრძვის ტერორისტებს:

„ჩვენ ყოველთვის ვანადგურებდით ტერორისტებს და მათ თანამზრახველებს, რომელთა შორის არანაირი განსხვავება არ არის და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ გავწმინდეთ ჩვენი მიწა მათგან და ახლა უმოწყალოდ ვებრძვით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

კადიროვმა ჟურნალისტი ფედერალური მოსამართლის, საიდ იანგულბაევის მეუღლის, ზარემა მუსაევას გატაცების საქმესთან დაკავშირებით ახსენა. 

20 იანვარს ჩეჩნეთის უშიშროების ძალები ნიჟნი ნოვგოროდში, ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის ბინაში შეიჭრნენ და მისი ცოლი ზარემა მუსაევა ჩეჩნეთში ძალით წაიყვანეს. მუსაევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღძრეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მოსამართლის შვილის, იბრაგიმ იანგულბაევს წინააღმდეგაც – მას ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდებაში ადანაშაულებენ. იბრაგიმის ძმა, აბუბაქრ იანგულბაევი „წამების წინააღმდეგ კომიტეტის“ ჩრდილოეთ კავკასიის ფილიალის ყოფილი თანამშრომელია. უფლებადამცველები სწორედ მის საქმიანობას უკავშირებენ ზარემა მუსაევას გატაცებას. 

ელენა მილაშინა ამბობს, რომ იანგულბაევებმა დახმარებისთვის პირველად 2017 წელს მიმართეს და მას შემდეგ ოჯახს ეხმარებოდა.

„რამდენადაც კადიროვი მიიჩნევს, რომ იანგულბაევები ტერორისტები არიან, ვინც მათ ეხმარებიან, კადიროვის გაგებით, ისინიც ტერორისტები არიან. ვერ დავთვლი, რამდენ ჩეჩენს აღმოვუჩინე ანალოგიური დახმარება და მიხარია, რომ ამას ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, მათ შორის, ჩემი ძალისხმევის შედეგად. მე ერთ-ერთი ვარ იმ რამდენიმე ჟურნალისტიდან, რომელსაც შეუძლია აუხსნას რუსულ აუდიტორიას, რა ხდება ჩეჩნეთში“, – განაცხადა მილაშინამ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

რამზან კადიროვი ელენა მილაშინას საჯაროდ არაერთხელ დამუქრებია. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამჯერად საკუთარი წყაროებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მისი პირადი უსაფრთხოება მაღალი რისკის ქვეშაა.

 

ამ თემაზე:

აშშ ჩეჩნეთში რეპრესიების გამო შეშფოთებულია და კადიროვს დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]