weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს „კადიროველები“ აკონტროლებენ – არახამია

21:43 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის რაზმის წევრები (ე.წ. კადიროველები) აკონტროლებენ, რომლებმაც სადგურის რამდენიმე თანამშრომელი მოკლეს.

„ახლა ამ ატომურ ობიექტებს, ბირთვულ ობიექტებს აკონტროლებენ ე.წ. კადიროველები, ჩეჩენი მებრძოლები. მათ ატომურ ელექტროსადგურში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რომლებიც ბირთვულ უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ. ჩვენ არ ვიცით, რა აქვთ თავში ამ ჩეჩენ ბოევიკებს და რუსეთმაც არ იცის, „კადიროველებს“ შეუძლიათ ისიც დააშანტაჟონ - „მიეცით ჩეჩნეთს დამოუკიდებლობა“ ან რაღაც ასეთი.

ფაქტობრივად ტერორისტულმა დაჯგუფებებმა დაიკავეს ბირთვული ობიექტები. ამ საკითხის გარეშემო უნდა გაერთიანდეს ყველა. შემდეგი შეიძლება ნიკოლაევის ოლქში, იუჟნოუკრაინსკის ატომური ელექტროსადგური იყოს, სადაც ასევე ბრძოლა მიმდინარეობს. ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეა“, – განაცხადა არახამიამ უკრაინულ მედიასთან.

რადას დეპუტატის თქმით, გასულ დღეებში, მოლაპარაკებების დროს, უკრაინამ რუსეთის დელეგაციას შესთავაზა ბირთვული ობიექტების გარშემო, 30-კილომერიან რადიუსში არასაფრენი ზონა მოენიშნათ და ცეცხლი შეეწყვიტათ, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.

„გვითხრეს, ჩვენ ერთად ვაკონტროლებთ და ვიცავთ ჩერნობილსო და შემდეგ ეს მოხდა ზაპოროჟიეში“, – აღნიშნა არახამიამ.

4 მარტს, ღამით, რუსეთმა დაბომბა უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია. შედეგად, ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდა და ხანძარი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ აღჭურვილობას არ შეეხო. სადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა მარეგულირებელმა ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს, ხოლო ელექტროსადგურის მმართველმა სახელმწიფო კომპანიამ „ენერგოატომმა“ გაავრცელა ინფორმაცია დაჭრილებისა და მოკლულების შესახებ. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]