„თითქოს და უკრაინაში ხელისუფლება იყოს. იქ არ არსებობს სახელისუფლებო ვერტიკალი. არც პრეზიდენტია და არც უმაღლესი მთავარსარდალი. საერთოდ არაფერია.
იქ არის ბანდიტური დაჯგუფება, როგორიც თავის დროზე ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იყო. მათაც ამარაგებდნენ იარაღით, ფულსაც აძლევდნენ და ისინი ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, მოხუცებს.
ეს ფაქტია. ამის შესახებ მთელმა ჩეჩნეთმა იცის. დღეს იგივე გრძელდება უკრაინაში.
ყველას გთხოვთ, ბატონებო, ჭკვიანო ადამიანებო, დაფიქრდით. თუ ეს შაიტანები ცოცხლები დარჩებიან, ეს პრობლემაც დარჩება. როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა? უნდა ამოვძირკვოთ ეს ნაცისტები, ბანდერლოგები, შაიტანები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ.
მათი განადგურების შემდეგ, უნდა დაინიშნოს რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ამის შემდეგ, როგორ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იყო, უნდა დაიწყოს ხელისუფლების ჩამოყალიბება, ვკითხოთ ხალხს, რა უნდათ, როგორ უნდათ გააგრძელონ ცხოვრება, რა მთავარი პრობლემები აქვთ – როგორც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა მისცა შესაძლებლობა ჩეჩენ ხალხს. დღეს, ვლადიმერ პუტინის იმ სწორი გადაწყვეტილების წყალობით, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ახლა იწყება „კონკრეტული სპეცოპერაცია“, რომელსაც „კონკრეტული რეზულტატები ექნება“.
„ეს თავად მოინდომეს მათ, ესე ვთქვათ, უკრაინელებმა. თუ გაქცევა ჯერ ვერ მოახერხეთ, გაიქეცით, მიატოვეთ თქვენი პოზიციები და ჩაბარდით რუს სამხედროებს. პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, მომლაპარაკებლებო, ნუ ლაპარაკობთ მოლაპარაკებებზე, რადგან მოლაპარაკებები ვიღაცასთან უნდა აწარმოო, იქ კი ასეთი არავინაა.
ჩვენ, მებრძოლები, მოლაპარაკებების წინააღმდეგნი ვართ.
ჩვენ გვინდა გავანადგუროთ ის შაიტანები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს კლავდნენ, ანადგურებდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ეს გაკეთდება უახლოეს პერიოდში. რუსეთო, წინ! ძალა ერთობაშია! ასეთი პრეზიდენტით, უმაღლესი მთავარსარდლით საშიში არაფერია. მის ნებისმიერ ბრძანებას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევასრულებთ“, – განაცხადა კადიროვმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კადიროვმა პუტინის გადაწყვეტილებას საჯარო მხარდაჭერა დაუყოვნებლივ გამოუცხადა და თქვა, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად იყვნენ მზად.
ამავე თემაზე:
თითქოს ეს ისევ ჩვენს თავს ხდება, პუტინმა 300 000 ჩეჩენი მოკლა – ზაკაევი უკრაინაში ომზე