უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დანილოვმა 20 აპრილს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას, 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს, კადიროვმა გეგმა მიიღო. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და კადიროვმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ ამას მისი ჯგუფი გააკეთებდა“, – განაცხადა საფრთხოების საბჭოს მდივანმა.
ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინის დაზვერვა პროცესებს აკვირდებოდა.
„26 თებერვალს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ჯგუფი შემოვიდა – არა 24-ში, რადგან ორი დღე ელოდნენ, რომ დედაქალაქის ცენტრალური კვარტლისკენ მწვანე დერეფანს მისცემდნენ. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ამ სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს. შემდეგ ორმა დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ერთი დღეს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზეა, მეორე კი ქალაქ მარიუპოლის ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ისინი წინა რიგებში არ არიან, არამედ მესამე ან მეოთხე ეშელონში იმყოფებიან, სადაც სრულიად უსაფრთხოა.
არ ვიცი, სად იმყოფება ეს ადამიანი [კადიროვი]. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ახლოსაც კი არასოდეს ყოფილა. ყველა ფოტო, დადგმული კადრები, რომ ის ომში იყო, სრული სისულელეა. როგორც ჩანს, სადღაც თავისთან ზის“, – განაცხადა დანილოვმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კადიროვმა პუტინის გადაწყვეტილებას საჯარო მხარდაჭერა დაუყოვნებლივ გამოუცხადა. როგორც მან 25 თებერვალს თქვა, 12 000 ჩეჩენი მებრძოლი უკრაინაში წასასვლელად და რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად მზად იყო.