weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტუმსო აბდურახმანოვი სავარაუდოდ პოლონეთის სადეპორტაციო ციხეში იმყოფება

12:56 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც საქართველომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, სავარაუდოდ პოლონეთის სადეპორტაციო ციხეში იმყოფება. 10 დეკემბერს აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ პოლონეთში თბილისიდან ოჯახთან ერთად ჩავიდა და თავშესაფარი ითხოვა, თუმცა დააკავეს და ამ დრომდე „უკანონო პატიმრობაში“ ამყოფებენ.

აუდიოჩანაწერში ჩეჩენი აქტივისტი პოლონეთის მთავრობას და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს მიმართავს და მისი და მისი ოჯახის უფლებების დაცვას სთხოვს. ტუმსო აბდურახმანოვი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან მისი გადაცემა რუსეთისთვის და კადიროვის მომხრეებისთვის, რადგან დეპორატიციის შემთხვევაში „დიდი წამება, დამცირება და პატიმრობაში სიკვდილი ელის“.

„ვარშავაში ჩამოსვლის შემდეგ ციხეში მომათავსეს, ჩემი ოჯახი კი სასტუმროში. მომდევნო დღეს სასამართლოს წინაშე წარვსდექი, სადაც მითხრეს, რომ შენგენის მონაცემთა ბაზაში შეტანილი ვარ როგორც პირი, რომელსაც ამ ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება, იმ საბაბით, რომ შესაძლოა ვიყო შეიარაღებული და საშიში. პოლონელმა მესაზღვრეებმა ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ პოლონეთში არალეგალურად გვინდოდა შესვლა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფარი მხოლოდ დაკავების შემდეგ მოვითხოვეთ. ეს სიცრუეა. ამის მიუხედავად, მე და ჩემს ოჯახს ორთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს და გაგვგზავნეს უცხოელებისთვის განკუთვნილ დახურულ ბანაკში, რომელიც ციხეა ოჯახებისთვის“, - აცხადებს ბლოგერი.

ტუმსო აბდურახმანოვის თმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ორთვიანი პატიმრობა კიდევ ოთხი თვით გაუხანგრძლივეს. რამდენიმე დღის წინ მას უარი უთხრეს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

„გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და პროცედურული დარღვევებით არის მიღებული. ეჭვი მაქვს, რომ ისევ პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი გავხდი“, - აღნიშნავს აბდურახმანოვი აუდიოჩანაწერში.

ის პოლონეთის მთავრობას შეახსნებს, რომ მათ რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც სამშობლოში პოლიტიკური მოტივით დევნილი ადამიანებისთვის თავშესაფრის მიცემას ავალდებულებს.

ტუმსო აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ ის საქართველოში 2015 წლის 8 ნოემბრიდან იმყოფებოდა. რუსეთში მისი სისხლისამართლებრივი დევნის მიზეზად კი ჩეჩნეთის მეთაურის გავლენიან ნათესავებთან მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. 2017 წლის ივლისში ტუმსო აბდურახმანოვთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სავარაუდოდ თბილისში იყო დაკავებული. მოგვიანებით კი გაირკავა, რომ მან საქართველო დატოვა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]