ეროვნული კრების პირველ სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა და განაცხადა, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის საქმეში.
„ორი წლის წინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებას ვახორციელებდით, განვაცხადე, რომ ახლო მომავალში დადგებოდა გარდამტეხი მომენტი, რომელიც იქნებოდა როგორც პერსპექტიული, ისე საპასუხისმგებლო. გილოცავთ ამ დღის დადგომას. ახალი სახელმწიფო მოწყობის გზაზე პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია. საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდა პარლამენტის როლი. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე მუშაობა, რათა შემცირდეს სომხეთის საწინააღმდეგო რეზოლუციების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანის მეშვეობით მიიღება“, - განაცხადა სერჟ სარქისიანმა პარლამენტში გამოსვლისას.
სომხეთში მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბოიკოტი საარჩევნო ბლოკმა „ელკ“ გამოუცხადა. გაერთიანების წევრები სხდომათა დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ შევიდნენ, რაც პრეზიდენტმა შენობა დატოვა.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2 აპრილს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ 58 მანდატი მოიპოვა, საარჩევნო ბლოკმა „წარუკიანი“ 31 მანდატი, ბლოკმა „ელკ“ - 9, ხოლო „დაშნაკცუთიუნმა“ - 7 მანდატი.