სომხური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა 25 მაისს შედგა და პირადი ხასიათის იყო. არმენ სარქისიანს და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
არმენ სარქისიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. სომხეთის დელეგაციასთან ერთად, ის მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გუშინვე, არმენ სარქისიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.