კონსორციუმი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების თაობაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.
„მოცემულ ვადებში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს-2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობა კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას, რომელიც 15 ივნისს იწურება, 6 თვით გაუხანგრძლივებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.