weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოქალაქეები პირადად მთხოვდნენ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში – ბახტაძე

16:04 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

„ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „რაინეარის“ (Ryanair) შემოსვლასთან დაკავშირებით.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ აღნიშნა, რომ „რაინეარი“ ავიარეისებს ეტაპობრივად დაამატებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ავიაკომპანიასთან დღეს გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს მოქალაქეებს კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.

„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი“, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. „რაინეარი“ არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „რაინეარის“, ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს“, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მიესალმება „რაინეართან“ ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ეს 6 წლის დაგვიანებით გააკეთა. გიორგი კანდელაკის განცხადებით, თავის დროზე ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქცია და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევა სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა და მას ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნია.

„იმედია, რომ ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილი სიმძლავრით ამუშავება და Ryanair-ის სრული მასშტაბით ამუშავება არათუ ამოავსებს დანაკლისს და გაანეიტრალებს რუსეთზე დამოკიდებულებას, არამედ იქნება სერიოზული ნახტომი ქვეყნის ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]