„ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე კონკრეტული შემთხვევაა, დადონ ფაქტები და თუ არ ექნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენი, კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ პირველად კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში. აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს? გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ბიზნესზე ზეწოლის შესახებ გუშინ, „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი გამოეხმო.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.