weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანიშვილი იყო სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა - ხაზარაძე შეხვედრის დეტალებზე

21:42 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც იმყოფებოდა. ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი იხსენებს, რომ გერმანიაში იმყოფებოდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა. როგორც ხაზარაძე ამბობს, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და ივანიშვილი ცდილობდა დაერწმუნებინა „თიბისი ბანკს“ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი გამოეტანა. [თიბისი ბანკი და ვანო ჩხარტიშვილი 30 მილიონი ლარის შესახებ დავობდნენ] 

„მე ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვარ ბანკის 100%-ით მფლობელი. ეს ძალიან მეგობრული საუბარი იყო. ისიც მითხრა, რომ ჩემს შვილსაც არ დავაძალებ რამეს. ჩემთვის ძალიან რთული იყო უცხოელ პარტნიორებისთვის იმის თქმა, რომ ახლა სარჩელი უნდა გამოვიტანოთ, მაგრამ დავარწმუნე ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები“,- ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, სარჩელის გამოტანის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელსაც თავად ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია [სავარაუდოდ საუბარია რომან ფიფიაზე] და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ:

„პატარა სასამართლოზე მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, რომ შოთაძეც იქ იყო, რომელიც ჩუმად იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში და საათნახევრის შემდეგ ჩაიჩურჩულა, რომ ვერ ხედავდა ამ საქმეში [პრობლემას]. მე შოკირებული გამოვედი, ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა“.

თავად ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ პირველად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ასევე ბიზნეს-ცენტრში ტელემედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ივანიშვილი მაშინ ეკა კვესიტაძის, დიანა ტრაპაიძის და ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვებს პასუხობდა. მისი თქმით, იგი ჩხარტიშვილის და ხაზარაძის დავის მოგვარებას ცდილობდა. ივანიშვილი ემადლიერებოდა ჩხარტიშვილს, ხაზარაძის შესახებ კი თქვა, რომ მას „მადლობაც არ უთქვამს“:

„მე ზრდილობა ნამდვილად არ მეშლება, სიტყვა-პასუხიც ვიცი და მადლობაც ვიცი. აქ საუბარია იმაზე, რაღაც მაინც რატომ არ გადავიხადეთ. ალბათ, ეს იგულისხმებოდა“,- ამბობს დღეს ხაზარაძე და აკონკრეტებს, რომ ივანიშვილი მისგან ჩხარტიშვილისთვის გარკვეული თანხის გადახდას ელოდებოდა.


მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშები დააყადაღა.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]