weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდებიან

17:40 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020
ფოტო 6 ოქტომბრის აქციიდან | © Tamaz Bakuridze / Facebook ფოტო 6 ოქტომბრის აქციიდან | © Tamaz Bakuridze / Facebook

ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მეორე დღეა, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები აქციას მართავენ. პროტესტის ნიშნად მოშიმშილე შვიდ ადამიანთან დღეს, დღის მეორე ნახევარში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდა და მათ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.

„მოვედი, დაგაფასეთ, გითხარით, რომ სავარაუდოდ, 30 კაცი დაეტევა სათათბიროში. რამდენი 30-კაციც იქნება – 10 ჯგუფი, 15 ჯგუფი – ყველას შეგხვდებით, ინდივიდუალურად მოვისმენ ვის რა გაწუხებთ. სადაც ამის საფუძველი გვაქვს, აბსოლუტურად ბოლომდე მოგეხმარებით. მე აქ მიტინგების გამართვას არ ვაპირებ. ეს არის ჩემი შემოთავაზება. თუ გაქვთ ამის სურვილი მობრძანდით და დავიწყოთ, ყავაზეც დაგპატიჟებთ“, – უთხრა რჟვაძემ შეკრებილებს.

აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარის წინადადებას დათანხმდნენ. ამ დროისთვის მათი ჯგუფები მთავრობის ადმინისტრაციაში შესასვლელად ემზადებიან.

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ხალხმრავალი პროტესტი გუშინ დაიწყო. ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, საბანკო ვალდებულებების გაყინვას, სახელმწიფოს მიერ დაწესებული 200-ლარიანი კომპენსაციის შენარჩუნება-გზრდას და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას მოითხოვენ. გუშინ მათ თორნიკე რიჟვაძე ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა და ამ ფორმატით მთავრობასთან დიალოგი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ერთხელ უკვე დასრულდა უშედეგოდ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო 25 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, 26 სექტემბრიდან კი აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, გარდა ტაქსისა. ამასთან, აჭარაში არსებულ კაფე-ბარებს, რესტორნებს და კვების ობიექტებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ბათუმში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. გახარია თქმით, ბათუმში, ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით უფრო მძიმეა და შესაბამისად, უფრო მძიმე შეზღუდვებია დაწესებული.

„ერთი კვირით, ერთი თვით ან მეტით გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. სოციალურ ფონსაც ამძიმებს. ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დასრულდა? ყველა ვხვდებით, რომ საქართველო კი არა მსოფლიო გლობალურად არის ამ პრობლემაში. წელს მაგალითად ტურიზმი ვერ აღდგება და სამსჯელო გვექნება ტურიზმის სექტორს როგორ დავეხმაროთ, სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. თუ ბათუმში უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანების და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრებთ როგორ დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა გახარიამ.

7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი კი გარდაიცვალა. გარდაცვალების ორი შემთხვევა აჭარაში, ერთი თბილისში, ერთი კი თერჯოლაში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 9753 შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 63.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]