თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4518 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ამჟამად საქართველოში სულ 9753 შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. შესაბამისად, 4518 აქტიური შემთხვევა გვაქვს. ამ აქტიური შემთხვევებიდან 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათგან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით, შემცირდა, თბილისსა და იმერეთში კი გაიზარდა.
„აჭარაში საერთო დადასტურებული შემთხვევბის 51%-ია, რაც 259 ახალი შემთხვევაა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ცოტა იმატებს თბილისში და უკვე 22%-ია, 111 პაციენტი. იმერეთში გახლავთ 91 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში – 2-2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 62-ს მიაღწია. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა (70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი), თერჯოლაში ერთი (88 წლის ქალი) და თბილისშიც ერთი (83 წლის პაციენტი).