weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამოხვანის ჰესების პროექტზე პროტესტი განიმუხტება, წუხილი გადაჭარბებულია – თურნავა

17:32 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით, ინვესტორი კომპანიის აქტიურობითა და მთავრობის მედიაციით, პროტესტი განიმუხტება.

„მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში, როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ გააჩნია რთული ინჟინერია, სამშენებლო დიზაინი, არის ხოლმე კითხვები, პროტესტის გამოხატულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

პროექტი არის ძალიან კარგად გათვლილი უსაფრთხოების კუთხით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით და დიდი გეგმა აქვს. ნებართვა არის გაცემული. 

ის ფაქტი, რომ ნებართვაში ჩადებულია გარკვეული პირობები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას. 

ამიტომ, ინვესტორი ვალდებულია თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და მკაცრ მონიტორინგს ვეწევით. აქედან გამომდინარე, რაიმე, ასე ვთქვათ, წუხილი ამასთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელება დასაქმებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, თურნავას თქმით, ინვესტორი კომპანია „რიგ სოციალურ პროექტს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის ჩართული“.

„პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დღესაც, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან დიდი დოზით ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ დასაქმებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მიერ ტექნიკის გაყვანას ითხოვენ. 25-ე დღეა აქტივისტები კაშხლის მშენებლობის ადგილას არიან შეკრებილები და ღამეებს სახელდახელოდ მოწყობილ საგუშაგოში ათევენ. 14 ნოემბერს, დაახლოებით 200-მა ადამიანმა, სოფელ ჟონეთში ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

 

ამ თემაზე:

რიონის ხეობის დარაჯები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]