weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ დაშალა აქცია ჟონეთში, სადაც ნამოხვანის ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

23:28 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშალეს საპროტესტო აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ხეობიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს საავტომობილო გზა გადაკეტა. 

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ჯაჭვით გადაებნენ, რათა პოლიციას ვერ დაეკავებინა. 

„21-ე დღეა აქციას ვმართავთ. ღამითაც ნამოხვანში ვართ, კარვებში, გზის პირას. ვითხოვდით, მოსულიყო ხელისუფლების  წარმომადგენელი. ამათ გამოუშვეს პოლიცია, რომელმაც დაგვარბია. ჯერ მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი, პოლიციის უფროსი ვარო მითხრა და მოგვთხოვა გზიდან გადასვლა. ვუთხარი - გზიდან ვერ  გადავალთ, 21 დღეა აქ ვართ, არავინ მოსულა დასალაპარაკებლად და ახლა გზიდან რომ გადავიდეთ, გამოვა, რომ აქ გაურკვეველი ვადით უნდა ვიყოთ, არავინ შეიწუხებს მეთქი თავს ჩვენთან სალაპარაკოდ. კარგიო მითხრა და გასცა ბრძანება გავეყვანეთ.

პოლიციელები პირდაპირ წიხლებით შემოვარდნენ ხალხში. ჩვენს გარდა ამ ჯაჭვში ბავშვები იყვნენ შებმულები. ძალის გამოყენებით სცადეს გადაყვანა. ადამიანები წაიქცნენ, მეც წავიქეცი და  ზევიდან  შეგვდგნენ, ქაჩავდნენ ამ ჯაჭვს, რომელიც ხელზე გვქონდა მობმული და დაზიანებები მივიღეთ. მე ხელი მაქვს ნაღრძობი, მაჯაში ვერ ვამოძრავებ. რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა“, - უთხრა „რეგინფოს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამჟამად სოფელ ნამოხვანში 20 ადამიანი რჩება და ღამეს კვლავ კარვებში ათევენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, არც დღეს, არც აქციის დარბევისას და არც გასული 20 დღე-ღამის განმავლობაში მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ერთხელაც კი არ მისულა.

აქციის მონაწილეებმა საღამოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს. 

„რეგინფო“ მადლობას უხდის ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ვიდეომასალის მოწოდებისთვის. 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი. კომპანიიდან ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა აღნიშნული სამუშაოები.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]