weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო ვალდებულია ინვესტორის უფლებები დაიცვას – ნამოხვანჰესის მშენებელი

14:06 შაბათი, 30 იანვარი 2021
ნოემბრის აქცია სოფელ ჟონეთში / ფოტო © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ნოემბრის აქცია სოფელ ჟონეთში / ფოტო © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რომელსაც რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებს მხარდაჭერის მიღებისთვის მიმართა. კომპანიამ დღეს დილით, პოლიციის დახმარებით, სამუშაოების განახლება სცადა, რასაც რიონის ხეობის მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.

ინვესტორი კომპანია აცხადებს, რომ სამუშაოები „გონივრული ვადით“ შეჩერებული ჰქონდა და საკითხის მშვიდობიანად მოგვარება სცადა, თუმცა, „ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგი, მათივე რადიკალური პოზიციის გამო, არ შედგა“.

„ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გასული დღეების შეხვედრებისას, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ყოველგვარი კითხვები და აპელირებები უცნობი ექსპერტების მოსაზრებებზე მხოლოდ და მხოლოდ პროექტის შეფერხებისა და გაჩერების საბაბს წარმოადგენს“, – აცხადებს კომპანია.

„ენკას“ მტკიცებით, ქვემო ნამოხვანჰესთან მიმართებაში ყველა საჭირო ნებართვას ფლობენ და პროექტი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელდება.

„დღემდე ვერ შევძელით საქმიანობის განახლება. კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას.

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე“, – აღნიშნულია „ენკას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ. 90 დღეზე მეტია ადგილობრივები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]